16 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
პარლამენტი პირველ მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს - როგორია დეპუტატთა პოზიციები განსახორციელებელ პროექტებზე 

პარლამენტი პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს. ამ წუთებში დეპუტატები საპარლამენტო ტრიბუნასთან საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ. პროექტს ექნება საკონსტიტუციო მხარდაჭერა, იმის მიუხედავად, რომ პუნქტებიდან ამოღებულია გენერალური პროკურორის არჩევის ნაწილი.

მმართველი გუნდის ოპონენტები კი ცალსახად იმეორებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ პრინციპულ პუნქტებს ამ ნაწილის გარეშეც მხარს დაუჭერენ. 

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, თუ როდის ცდებოდა "ქართული ოცნება" მაშინ, როდესაც 19 აპრილის შეთანხმებაში საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილში ჩაიწერა გენერალური პროკურორის არჩევის წესი, თუ იმ დროს, როდესაც მის მიერვე ინიცირებული წესის ცვლილება უკან მიაქვს.

"თქვენ დღეს რისი თქმა გსურთ, რომ თვენახევრის წინ რაღაც ძალიან დაუსაბუთებელ, სამართლებრივ აბსურდს თქვენვე მოაწერეთ ხელი და სამართლებრივი აბსურდის ინიცირება გააკეთეთ? ანუ, თვენახევრის წინ ცდებოდით, როგორც იურისტი, თუ დღეს ცდებით როგორც იურისტი? თვე ნახევრის წინ ცდებოდით როგორც პოლიტიკოსი, ქვეყანას ძალიან საშიშ წესს სთავაზობდით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის არჩევის, თუ დღეს ცდებით როგორც პოლიტიკოსი, როდესაც უკან მიგაქვთ თქვენს მიერვე ინიცირებული არჩევის წესის ცვლილება," - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა ირაკლი კობახიძეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების დროს წესის სამართლებრივი ხარვეზების შესახებ ბევრჯერ აღნიშნა. კობახიძე განმარტვას, თუ რატომ ჩაიდო ასეთი ჩანაწერი 19 აპრილის შეთანხმებაში. 

"მინიმუმ 20-30-ჯერ აღვნიშნე იმ მოლაპარაკებების დროს, რომ ეს იყო სამართლებრივი სიმახინჯე. ამის მიუხედავად, ვიღაც ვიღაცებს ჰქონდათ ჭარბად ხისტი პოზიცია. პოლიტიკური პროცესი იყო და საბოლოო ჯამში ჩვენ დავეთანხმეთ ამ რეგულაციას და სწორედ იმიტომ არის მათ შორის წარმოდგენილი ეს რეგულაცია გარდამავალ დებულებებში, რომ სამართლებრივი სიმახინჯეა. რაღაცნაირად კიდევ ვეგუებოდით იმას, რომ ეს სამართლებრივი სიმახინჯე შეიძლებოდა გარდამავალ დებულებებში ჩაწერილიყო. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში ძირითად დებულებებში," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები