ამერიკის საელჩოს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებები კვლავ პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა.
ოპოზიციური პარტიები იზიარებენ იმ კრიტიკას, რომელიც დასავლელ პარტნიორებს გუშინ გავრცელებულ განცხადებებში ჰქონდათ.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე რეპუტაცია დაკარგა.
"ამას კრიტიკა აღარ ჰქვია, როდესაც პირდაპირ ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ გატეხა მმართველმა პარტიამ სიტყვა, პირობა, ეს რა თქმა უნდა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სრულად დაკარგა ყოველგვარი რეპუტაცია "ქართულმა ოცნებამ" როგორც პარტნიორმა, მხარემ, რომელთანაც შესაძლებელია შეთანხმებას მიაღწიო და შემდეგ მან პატივი სცეს ამ შეთანხმებას.
ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და 300 მილიონი ლარი ჩვენ დავკარგეთ, იმის გამო რომ "ქართულმა ოცნებამ ვერ შეასრულა ვალდებულება, და ჩვენი ქვეყანა არის იმ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენ სხვა დახმარებებსაც ვერ მივიღებთ, თუ ეს ძალა დარჩა ხელისუფლებაში," - აღნიშნა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ელჩების კრიტიკა მიანიშნებს, რომ "ქართული ოცნება" პროდასავლურ კურსს ასცდა. რაც შეეხება გამოსავალს, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურაში დეცენტრალიზაციაა საჭირო. მისი შეფასებით, პროკურატურის არჩევის წესის ცვლილება შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა.
მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მათთვის შეიძლება ითქვას, რომ გაუგებარია. ისინი ითხოვენ მეტ კონკრეტიკას იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გატარდეს მართლმსაჯულების სისტემაში.
"აუცილებელია კონკრეტიკა, როდესაც გაქვს ძალიან პრინციპული მოთხოვნა რაღაც საკითხების მიმართ. არაერთი კითხვა დავსვი, მაგალითად რა იგულისხმება კონკრეტულად მართლმსაჯულების ძირეულ რეფორმაში.
თუკი ისინი სამწუხაროდ გადაწყვეტენ იმას, რომ ისეთი წინაპირობები იყოს, რომელსაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვგებულობთ, რა წინადადებებია, რომ განვახორციელოთ და ამას ვთქვათ, შეიძლება მოჰყვეს დახმარებებზე უარი, მე არ მგონია ამაზე ახლა პასუხი ჩვენ უნდა გავცეთ," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელმა გუშინ პარლამენტის მიერ განხორციელებული და ჩაგდებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განცხადებები გაავრცელეს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.