ნიკოლ ფაშინიანი ისევ საქართველოშია - ეს მისი მესამე ოფიციალური ვიზიტია, თუმცა პირველი - ხელახალი არჩევნების შემდეგ. როგორც წესი, საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ფაშინიანი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩამოდის, თუმცა მას საქართველოში უკვე მესამე პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს.
ამჯერად ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგიონის უსაფრთხოება და სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტებია, შესაბამისად ორ მეზობელს რისკების ერთობლივი მართვა უწევს. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და ხვალ მიდის.
საქართველოსა და სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე, ყურადღება რეგიონში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ერთმანეთის პოტენციალის გაზრდას დაეთმო.
კოლეგებს შორის როგორც პირისპირ, ასევე გაფართოვებულ ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხები განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მიზანზე და ქვეყნისთვის სასურველ სტატუსზე - გახდეს რეგიონში მშვიდობის გარანტი. ამ კონტექსტში მხარეებმა საქართველოს პრემიერის ჩართულობით მიღწეული ის შეთანხმება ახსენეს, რომლის შედეგად აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი სომხეთისგან დანაღმული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით სომხური დელეგაციის წევრები თბილისში დღის პირველ ნახევარში ჩამოფრინდნენ. ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის შეფასებით, ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველო-სომხეთს შორის არსებული მჭიდრო კავშირის განმტკიცებას და პოლიტიკურთან ერთად, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის წევრებთან ერთად პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას, დღის ბოლოს კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ასევე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობას.