03 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
აქცია სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებასთნ

სასჯელაღსრულების მეშვიდე  დაწესებულებასთან პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები აქციას მართავენ. მათი თქმით, ამ დაწესებულებაში გაუსაძლისი პირობებია და პატიმრებზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა.  ისინი ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ, რათა ამ  დაწესებულებაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხები მიღონ.  

ამ დაწესებულებაში  ათმა პატიმარმა ათი დღის წინ შიმშილობა დაიწყო არსებული პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ისინი შიმშილობას კვლავ აგრძელებენ, რადგან, მათი ახლობლების თქმით, პირობები არც გაუმჯობესებულა და ამასთან, აქ გადაყვანილი არიან ისეთი პატიმრები, რომლებსაც სასჯელის მოხდა  ამ დაწესებულების რეჟიმში არ ეკუთვნით.   

აქციის  მონაწილეები აცხადებენ, რომ მეშვიდე დაწესებულებაში გაუსაძლისი პირობებია შექმნილი და ამ პირობების დამძიმება ხშირ  შემთხვევაში ხელოვნურად ხდება.  ამის მიზანი კი  არის ციხის ადმინისტრაციის მხრიდან  პატიმრებზე  ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენა.

ისინი იმასაც ამბობენ, რომ გართულებულია პატიმრებისთვის  საკვების და მედიკამენტების მიწოდება.

მეშვიდე დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ გაუქმებული მეექვსე დაწესებულებიდან პატიმრების ნაწილი გადაიყვანეს და მათი ახლობლები ამბობენ, რომ ამ პატიმრებს  ამ რეჟიმში არ ეკუთვნით სასჯელის მოხდა და დღემდე  არანაირი განმარტება არ მიუღიათ.  

სასჯელაღსრულების სამინისტროში ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით  კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.  

დღის ამბები