16 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ბინძური მეთოდებით ცდილობენ დესტრუქციის შემოტანას, მივაწვდით ინფორმაციას დიპლკორპუსს - კახა კალაძე ენმ-სა და "ევროპულ საქართველოზე"

თბილისის მერი, კახა კალაძე მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, არჩევნებისთვის ცესკოს მიერ რეგისტრირებული სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან არიან აფილირებული.

კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის საშუალება არავის მიეცემა. როგორც კალაძემ განაცხადა, არჩევნების პროცესში ბინძური მეთოდების და დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობენ.

"იგივე ხელწერაა, იგივე ბინძური მეთოდებით ცდილობენ რაღაც გაურკვევლობა, დესტრუქცია შემოიტანონ, თუმცა, ამისთვის მზად ვართ. მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, ასევე დიპლომატიურ კორპუსს მივაწვდით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ყველამ უნდა იცოდეს ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის საშუალება არავის მიეცემა,"- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ქართული ოცნება" იმ ორგანიზაციების შესახებ საუბრობს, რომლებიც არჩევნებში სადამკვირვებლო მისიით მონაწილეობენ. გივი მიქანაძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან არის კავშირში. ამის დასადასტურებლად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სქემა წარმოადგინა, რომლითაც იკვეთება თითქოსდა ნეიტრალური ორგანიზაციების კავშირი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, 15 ორგანიზაციიდან 12 ორგანიზაცია "ნაციონალურ მოძრაობასთანაა" დაკავშირებული", 3 კი "ევროპულ საქართველოსთან".

"ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან,"- განაცხადა მიქანაძემ.

დღის ამბები