"ქართული ოცნება" 15 ორგანიზაციას, რომელიც არჩევნების ჩატარების პროცესს უნდა დააკვირდეს ოპოზიციურ პარტიებთან უშუალო კავშირში ადანაშაულებს.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ არჩევნებს ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან."
ბრალდებას შეფასებები მოყვა თვითონ იმ ორგანიზაციებში, რომელიც "ოცნებამ" დაასახელა.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ხელისუფლების ბრალდებები მათი დისკრედიტაციის მიზანს ემსახურება.
"პირველი - ლაშა ფარულავა არ ყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. მეორე - ლაშა ფარულავა იყო ირაკლი ბერიაშვილის შტაბის ხელმძღვანელი, რომელიც იყო 2016 წელს. ჩვენ დიდი ხანია არჩევნებს ვაკვირდებით. 2008 წელს, როცა ბატონი გივი მიქანაძე "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა, მე ვიყავი დამოუკიდებელი დამკვირვებელი, 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე.
მთელი ამ კამპანიის მიზანი არის პიროვნული და ორგანიზაციული დისკრედიტაცია," - განაცხადა "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ს პროგრამების დირექტორმა, ლაშა ფარულავამ.
"საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის" დამფუძნებელი, აკაკი ხუსკივაძეს მოლოდინი აქვს რომ მისი შეფასებით, მსგავსი დისკრედიტაციის მცდელობები ბევრი იქნება ხელისუფლების მხრიდან. ის მმართველ გუნდს ურჩევს ურჩევს საკონსულტაციო საბჭოს მიხედოს, სადაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე მე-13 ნომერია "ქართული ოცნების" სიაში.
ცნობისთვის, ქართული ოცნება" იმ ორგანიზაციების შესახებ საუბრობს, რომლებიც არჩევნებში სადამკვირვებლო მისიით მონაწილეობენ. გივი მიქანაძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან არის კავშირში. ამის დასადასტურებლად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სქემა წარმოადგინა, რომლითაც იკვეთება თითქოსდა ნეიტრალური ორგანიზაციების კავშირი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, 15 ორგანიზაციიდან 12 ორგანიზაცია "ნაციონალურ მოძრაობასთანაა" დაკავშირებული", 3 კი "ევროპულ საქართველოსთან".
"ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან",- განაცხადა მიქანაძემ.