პარლამენტის თავმჯდომარეთა მეხუთე მსოფლიო კონფერენცია, რომელიც ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა, უაღრესად საინტერესო და შედეგიანი იყო - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.
"კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გავმართეთ, სადაც მიმოვიხილეთ ყველა ის მთავარი საკითხი თუ გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო, რეგიონი და მთელი მსოფლიო დგას, მათ შორის პანდემია და უსაფრთხოების საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და იქ არსებულ მძიმე ვითარებას. პარტნიორი ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავენ.
ვისაუბრეთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა.
გამორჩეულად მინდა აღვნიშნო ავსტრიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა, იგი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია. ავსტრია მხარს უჭერს ძალისხმევას ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.
ასევე განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით კი საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაღრმავების საუკეთესო საშუალებას იძლევა.
საპარლამენტო დიმპლომატიის შესაძლებლობების სრულად გამოყენება ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს.
დარწმუნებული ვარ, სტრატეგიული პარტნიორების თანადგომით და შრომით, მიზნის მიღწევას აუცილებლად შევძლებთ!" - წერს კახა კუჭავა.