როგორ ავირჩევთ მომდევნო 2 მოწვევის პარლამენტს? ორ პროცენტიანი თუ სამ პროცენტიანი ბარიერით - ეს არის საკითხი, რომელზეც პარლამენტარებმა უნდა იმსჯელონ. პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებში საუბარია 2 პროცენტზე, იგივე ციფრია ჩადებული შარლ მიშელის დოკუმენტშიც. შეთანხმება "ქართული ოცნებისთვის" ანულირებულია, თუმცა, თუ მმართველი პარტია ნიშნულს აწევს, ეს ოპოზიციისთვის მორიგი პირობის დარღვევა იქნება.
ის, რაზეც პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, მხოლოდ ისაა, რომ არჩევნები დაბალი ბარიერის პირობებში ჩატარდება, თუმცა რამდენი პროცენტის გადალახვა მოუწევთ, ეს ის საკითხია, რომელზეც მხარეებმა უნდა იმსჯელონ.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისათვის 2 პროცენტიანი ბარიერია გათვალისწინებული, თუმცა "ქართული ოცნებამ" უკვე დაიწყო მსჯელობა, რომ ეს ჩანაწერი შესაძლოა შეიცვალოს.
პოლიტიკოსებმა დაბალი საარჩევნო ბარიერის დასადგენად არჩევანი 2-დან 5 პროცენტამდე უნდა გააკეთონ. მმართველი პარტიის პოზიციების მიხედვით, სახელისუფლებო გუნდი 3 პროცენტიანი ბარიერისკენ იხრება.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მეათე მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებლად არცერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია. ქვეყნის უზენაეს კანონში ახალი ჩანაწერების შეტანა მხოლოდ 113 ხმით არის შესაძლებელი, სწორედ ამიტომ, მხარეებს ცვლილებებზე თანამშრომლობა მოუწევთ.