16 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ვულოცავ "ქართულ ოცნებას" ამ დიად გამარჯვებას, როგორც იქნა მიუღწევიათ მიზნისთვის და 48% აუღიათ - იაგო ხვიჩია კვლევაზე

"ქართული ოცნების" სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებულ კვლევას ოპოზიციაში აფასებენ და ამბობენ, რომ ეს ოფისში დაწერილი კვლევაა და არანაირი საველე სამუშაოები არ ჩატარებულა.

"ეს კვლევა არის ჩვეულებრივად ოფისში დაწერილი და არანაირი საველე სამუშაოები არ ჩატარებულა. ამბობენ, კალაძე 56%-ს იღებსო, ეს იმას ნიშნავს, რომ დაცინვას საზღვარი მოუშალეს და ამბობენ, რომ საზოგადოების 60% თითქმის კმაყოფილია იმით, რაც თბილისში ხდება. მთავარი კვლევა 2 ოქტომბერს იქნება,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა ობოლაძე. 

ოპოზიციის სხვა წევრები კი თვლიან, რომ "ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებული კვლევა საარჩევნო პიარკამპანიის ნაწილია. 

"დღეს ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი რეკორდის მოხსნა "ოცნების" მხრიდან. აქ იმასაც ვატყობთ, რომ განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ჩვენი პარტიის მიმართ არის გაკეთებული,"- აღნიშნავს პარტიის ”საქართველოსთვის” წევრი ლევან დოლიძე.

კვლევას გამოეხმაურა პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

"ვულოცავ "ქართულ ოცნებას" ამ დიად გამარჯვებას, როგორც იქნა, მიუღწევიათ მიზნისთვის და 48% აუღიათ. ყოჩაღ და ვულოცავ. კარგია, რომ შენი კოლეგა პოლიტიკოსები ასეთ წარმატებას აღწევენ და არჩევნებამდე უკვე 48%-ს იღებენ,"- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ. 

"ქართულმა ოცნებამ" სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 

საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2975 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.

დღის ამბები