თბილისის მერობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ანა ბიბილაშვილი გამოეხმაურა თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მზადაა დაასრულოს ამ საკითხზე განხილვები და ჩააბაროს ნებისმიერი ტესტი, ნებისმიერ დროს.
"დღეს გუნდში უკვე მქონდა შინაგანი პროტესტი, რომ მინდა ეს კითხვა დავასრულო და ნებისმიერ დროს მზად ვარ ჩავაბარო ნებისმიერი ტესტი.
მერჩივნა, რომ კანდიდატებს, რომლებიც აპირებენ ქალაქის მერობას, ჩაებარებინათ ტესტი ურბანულ საკითხებზე, გარემოს დაცვაზე, ადამიანების უსაფრთხოებაზე და და ასე შემდეგ," - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.
ხოლო თბილისის მერობის კანდიდატი პოლიტიკური პლატფორმიდან "მესამე ძალა" თამარ კეკენაძე მზადაა ჩააბაროს ნარკოტესტი მას შემდგომ, რაც დედაქალაქის მერად აირჩევენ.
"იმის ნაცვლად, რომ ვილაპარაკოთ თბილისის პრობლემებზე, უკვე უხერხული გახდა ამდენი ყურადღების გადატანა ნარკოტესტის ჩატარებაზე. მე ვაპირებ, რომ ვიმოქმედო კანონის შესაბამისად და თუ თბილისის მოქალაქეები მანდობენ თავიანთ ხმას, რა თქმა უნდა, მერად არჩევის შემდეგ აუცილებლად ჩავაბარებ ნარკოტესტს," - აღნიშნა თამარ კეკენაძემ.