16 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
რომელია რეიტინგებში გამოკვეთილი სამი დომინანტი პარტია - ოპონენტთა რეიტინგები დედაქალაქში "ქართული ოცნების" კვლევის მიხედვით

მმართველი პარტიის სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში პირველ-მეორე ადგილს "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ინაწილებენ. შედეგების მიხედვით, მმართველ გუნდს 48,6%-ის მხარდაჭერა აქვს, 27.1%-ით მას "ნაციონალური მოძრაობა" მოჰყვება, მესამე ადგილს კი 5,8%-ით გიორგი გახარიას "საქართველოსთვის" იკავებს. დანარჩენი პოლიტიკურ პარტიების მხარდაჭერა კი, ამ შედეგების მიხედვით, 1-დან 3%-მდე მერყეობს.

პარტიული რეიტინგების გარდა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სოციოლოგიურმა ჯგუფმა 2975 რესპონდენტს აზრი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებაც ჰკითხა. "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ათივე ოლქში მმართველი პარტიის წარმომადგენლები ლიდერობენ. ამ მონაცემების ოპოზიციაში არ სჯერათ და მმართველ პარტიას ურჩევენ, ამომრჩევლის მხარდაჭერის შედეგები 2 ოქტომბერს დაითვალონ.

ამ მონაცემების გარდა, დღევანდელ ბრიფინგზე მმართველმა პარტიამ თბილისში, მერობის კანდიდატების რეიტინგებიც წარმოადგინა. გამოკითხვის თანახმად კახა კალაძეს 56.1% აქვს, ნიკა მელიას 28.3%, ხოლო გიორგი გახარიას 6.2%. პოლიტიკური პარტიების სხვა კანდიდატებს კი, ამ შედეგების მიხედვით, 0,5-დან 3%-მდე მხარდაჭერა აქვთ.

"ქართული ოცნების" მიერ გასაჯაროებული კვლევა 4-იდან 8 სექტემბრამდე პერიოდშია ჩატარებული. დედაქალაქის მასშტაბით, სოციოლოგიურმა ჯგუფმა 2975 რესპონდენტი გამოკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი 3%-ია.

დღის ამბები