პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია "რუსთავი 2-ის" ეთერში აცხადებს, რომ ნარკოტესტის ჩაბარება მერობის კანდიდატების ავკარგიანობასთან კავშირში არ არის.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისთვის მიუღებელი იქნება მერი, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებებს ვერ ახორციელებს, რაც ნარკოტიკების ზედმეტი მოხმარების გარდა სხვა უამრავი მიზეზითაც შეიძლება მოხდეს.
"არაფერ შუაში არ არის კანდიდატების ავკარგიანობასთან შარდის სიწმინდე. ჩვენ მთავარია ადამიანის სულის სიწმინდეს ვეძებდეთ, ამის ნაცვლად ვეჯიბრებით ერთმანეთს ისეთ რამეში, რომელიც არაფერ შუაში არაფერთან არ არის საერთოდ.
მე მოვუწოდებდი ყველა კანდიდატს, რომ ამას კი არ აყვნენ ფიზიკურად, არამედ გააკრიტიკონ და თქვან, რომ ჩვენ ასე არ უნდა ვუყურებდეთ ერთმანეთს და საერთოდ, პოლიტიკოსებისთვის, იმ ხალხისთვის, რომელიც ადამიანებმა აირჩიეს ფიზიკურად და მანდატი მისცეს, იმ ხალხისთვის შარდის მოწმება არაფერში არ ჯდება ჩემი აზრით იმიტომ, რომ შარდი ასეთი იქნება თუ ისეთი იქნება, ეს ხალხი აირჩია ქართველმა ხალხმა.
რა შუაშია ეს ქალაქის მერობასთან საერთოდ? ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა მერი, რომელიც ვერ ახორციელებს თავის უფლება-მოვალეობებს, უფლებამოსილებებს. ეს შეიძლება მოხდეს ნარკოტიკების ზედმეტი მოხმარების გამოც და ეს შეიძლება მოხდეს მილიონი სხვა მიზეზით," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.