სხვა ქალაქების მსგავსად "ქართული ოცნების" კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია ქალაქ რუსთავში ჩატარებული კვლევის ნაწილშიც. მათი თქმით, უმრავლესობის მიერ ორგანიზებული შიდაპარტიული გამოკითხვის შედეგები საინტერესო არ არის და რეალურ შედეგს არჩევნები აჩვენებს.
"ყველა რუსთაველი სათანადოდ შეაფასებს იმას, თუ რა ხდება ჩვენს ქალაქში, თუ როგორ უჭირს ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს ყოველდღიურად თავის გატანა და რომ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკის მავნებლობის შედეგი.
ღიმილისმომგვრელია "ქართული ოცნების" ეს თვითდამშვიდების მცდელობა და რაღაც ციფრებით მანიპულირება. რუსთავმა არაერთხელ გასცა საკადრისი პასუხი "ქართულ ოცნებას" და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე იქნება ამ შემთხვევაშიც," - განაცხადა რუსთავის მერობის კანდიდატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირკიტაძემ.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე შედეგები განსხვავებული იქნება რადგან რუსთავში "ქართული ოცნება" წაგებისთვის არის განწირული.
განსხვავებულია "ქართული ოცნების" განწყობა. მმართველი გუნდისთვის კვლევამ კიდევ ერთ აჩვენა, რომ ქალაქ რუსთავში სახელისუფლებო გუნდი გამარჯვებულია.
"ამ კვლევაში, რომელიც დღეს დაიდო, ვფიქრობ მოულოდნელი არაფერია. მეტსაც გეტყვით, ეს ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა, რათა მეტად გავაქტიურდეთ იმისთვის, რომ ჩვენი გამარჯვება იყოს დამაჯერებელი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველივე ტურში არჩევნები ძალიან ღირსეულად მოვიგოთ," - აღნიშნა რუსთავის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ნინო ლაცაბიძემ.
"ქართული ოცნება" - 49.7%, ენმ - 33.6% - მმართველმა პარტიამ რუსთავში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.