16 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
ჩამოვა თუ არ ჩამოვა - მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მე-18 დაპირებაც ისეთივე გაელვება იქნება, როგორიც დანარჩენი 17

ჩამოვა თუ არ ჩამოვა - მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში ჩამოსასვლელად ხელმოწერებს უგროვებენ.

თაკო ჩარკვიანის მიზანია, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ადამიანი დაახვედროს სააკაშვილს.

მმართველი პარტია პირობას დებს, რომ თუ სააკაშვილი გარისკავს და მაინც ჩამოვა საქართველოში, საზღვრიდან ის პირდაპირ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდება. თუმცა, პოლიტიკური სპექტრი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტი ვერ გაბედავს სამშობლოში დაბრუნებას და მისი მე-18 დაპირებაც ისეთივე გაელვება იქნება, როგორიც დანარჩენი 17.

"ერთხელ მე-8 არჩევნებზე დამარცხდება და ეს იქნება საბოლოო მარცხი, დიდი ალბათობით. სინამდვილეში კი ყველაფერი იქნება მარტივად, მიხეილ სააკაშვილი ამ ტერიტორიაზე არ ჩამოვა!" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტია "კანონი და სამართლის" ოფისი ახლა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შექმნილი მოძრაობის სამუშაო სივრცეა. "საერთო სახალხო მოძრაობის" დამფუძნებლის პირველი დავალება მიმართვის ტექსტის მომზადებაა, რომელიც ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციასა და საელჩოს უნდა გადაუგზავნონ.

მაშინ, როცა თაკო ჩარკვიანის მიერ დაფუძნებული მოძრაობა და მისი წევრები საქართველოში სააკაშვილის დასაბრუნებლად ემზადებიან, თავად ექსპრეზიდენტი ამომრჩეველს და მხარდამჭერებს ნიუ-იორკიდან ესაუბრება.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციურ პარტიებში. ყოფილი პრეზიდენტის დაპირების სისრულეში მოყვანის იმედი სააკაშვილის თანამოაზრეების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს.

გიგი უგულავასგან განსხვავებით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობაში სააკაშვილის მორიგ დაპირებას არარეალურად აღიქვამენ. უჭირთ იმის ახსნაც, რისთვის გახდა აუცილებელი ახალი მოძრაობის დაფუძნება.

მიხეილ სააკაშვილის მორიგი დაპირება საქართველოში დაბრუნების შესახებ იმ გამონაკლისებს შორისაა, სადაც ოპოზიციის უმრავლესობის და მმართველი პარტიის პოზიციები ერთმანეთისგან რადიკალურად არ განსხვავდება. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტის დაანონსებული ჩამოსვლა ისევ შეუსრულებელ დაპირებად დარჩება.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ მორიგი განცხადება გასულ ორშაბათს გააკეთა. 5 დღეში კი თაკო ჩარკვიანმა ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერად ახალი მოძრაობა დააფუძნა.

დღის ამბები