ფარული ფაილები, რომელშიც სავარაუდოდ სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა მოცემული, ინტერნეტში აღარ იძებნება.
ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო.
ფაილებში წარმოდგენილია ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ.
ზოგიერთი ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. გავრცელებული მასალები მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა.
ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერების გავრცელებას "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს. პრემიერის შეფასებით, ეს არის პროვოკაცია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს და ეკლესიის, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წინააღმდეგ.
ოპოზიციის ნაწილი კი, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანაში ფარული მიყურადება გრძელდება, აუცილებელია დადასტურდეს მასალების ავთენტურობა.
ხელისუფლების ოპონენტები ჩანაწერების გავრცელებას წინასაარჩევნოდ კომპრომატებით ბრძოლას უკავშირებენ.