ფარული ფაილები, რომელშიც სავარაუდოდ სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა მოცემული მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა.
"ნაცმოძრაობა" გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
"აუცილებელია ლილუაშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, რომელიც უკანონო ფარულ თვალთვალს და მიყურადებას აწარმოებდა,"- აცხადებს ქუთაისის მერობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის - "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი კი, ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების გაჟონვას წერტილი უნდა დაესვას, რისთვისაც მზად არის საკითხზე საპარლამენტო ფორმატში იმსჯელონ.
"ძალიან ცუდ ტრადიციად გადაიქცა, რომ ყველა არჩევნების წინ პირადი ცხოვრების შემცველი ფაილების გაჟონვა ხდება და ამას სადღაც წერტილი უნდა დაესვას. პარლამენტში იქნება თუ სხვაგან, მომხრე ვარ, რომ ნებისმიერი ფორმით, ადამიანები ვინც არიან ამ სისტემაზე პასუხისმგებლები, შეკითხვებს გასცენ პასუხი, რატომ ხდება ამ ყველაფრის გაჟონვა,"- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი.
სუს-ის უფროსის გადადგემოას და მისი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს "ევროპული საქართველოც".
"ამის მთავარი ერთ-ერთი შემოქმედი, რა თქმა უნდა, არის ლილუაშვილი, რომელმაც ახლა, არჩევნებამდე უნდა აგოს პასუხი და სასწრაფოდ უნდა გადადგეს თანამდებობიდან. რაც შეეხება მთლიანად "ქართულ ოცნებას", ამ უტიფრობისთვის, ყველაფრისთვის რასაც საქართველოში აკეთებენ, 2 ოქტომბრის მოსახლეობა საკადრის პასუხს გასცემს,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" რეგიონული მდივანი ლაშა დამენია.
ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო.
ფაილებში წარმოდგენილია ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ.