მამუკა მდინარაძე "ნაციონალური მოძრაობას" ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელებაში ადანაშაულებს.
როგორც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ამბობს, მმართველი გუნდის ინფორმაციით, გარკვეული ჩანაწერების ინტერნეტში ატვირთვა მომდევნო დღეებში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.
როგორც მდინარაძე ამბობს, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას.
მდინარაძე სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
"გუშინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის შესახებ, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა და მისი კუთვნილი ტელეკომპანიები საქართველოში უკვე წლებია აწარმოებენ.
ამ კამპანიის მორიგი გამოხატულება იყო ის გარყვნილება, რომელიც გუშინ აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერში ვიხილეთ და ეს სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ, გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისათვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ნაციონალური მოძრაობის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.
ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების ადამიანებს შეიძლება თავში აზრად მოუვიდეთ მათი გავრცელება. კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან, ამასთან, დარწმუნებულები ვართ, თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და აღნიშნულ ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოების მღელვარების და რისხვის ობიექტი სწორედ ნაციონალური მოძრაობა და მისი თანამზრახველები გახდებიან. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, მიიღონ ყველ ზომა ამ საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.