მედიაში გავრცელებული ფარული ფაილები, რომელზეც გამოძიება დაიწყო, პოლიტიკური განხივლის მთავარი თემაა. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მისვლას ითხოვს.
"ჟურნალისტებს აღმოუჩენიათ ჩემი და საელჩოს ამერიკელი თანამშრომლის საუბარი და ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველანაირ ჩარჩოს არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ მორალურ ჩარჩოს, ამიტომ პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.
მე არ მაქვს არანაირი იმედი, რომ სუსი გამოიძიებს საკუთარ თავს და ლილუაშვილი საკუთარ თავს დასჯის," - განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძემ.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ლილუაშვილმა პასუხი უნდა გასცეს მათ კითხვებს.
"ქართული ოცნების" მთელი მმართველი გუნდის განცხადებები ისეთია, თითქოს ისინი იყვნენ ოპოზიციაში. ისინი არაფერზე არ გრძნობენ პასუხისმგელობას. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გასაჯაროვდა ეს ინფორმაცია, მაგრამ პირველი რიგი საკითხი არის თუ რატომ, ვისი მონაწილეობით და დავალებით ხდებოდა ჩვენი სასულიერო პირების თვალთვალი. ზუსტად ამ კითხვის ნიშნებზე პასუხის გასაცემად ჩვენ მივმართავთ სუსის ხელმძღვანელს, რომ მობრძანდეს პარლამენტში," - განაცხადა თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" საბა ბუაძემ.