"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ქარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც "მთავარი არხის" ოპერატორი, ლევან აბლოთია დაშავდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათ აქვს კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში.
"როდესაც ჩიპის ჩანაწერს ავრცელებთ სანახევროდ, ეს ყველაფერზე ძალიან კარგად მეტყველებს. კადრები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში, არა მეორე სართულიდან გადმოვარდნილი, არამედ 2 მეტრიც არ იყო, 1 მეტრი იყო ის ადგილი, სადაც გადმოვარდა ოპერატორი. ის უკან-უკან მიდიოდა, როდესაც მისი ჟურნალისტი აწყობდა მძიმე პროვოკაციას, ქარელის მერს უწოდებდა "ჩლიქოსანს" და ა.შ.
ძალიან ძვირად დაუჯდება თქვენს ტელევიზიებს ყველა ის "ფეიკ" ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება. ამასთან დაკავშირებით ყველა სამართლებრივ ზომას მივიღებთ. კი, გემუქრებით, რომ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა იმ "ფეიკ" ინფორმაციის გამო, რომელიც ვრცელდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მმართველი პარტიაში კი ამბობენ, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს, ოპერატორი შემთხვევით გადავარდა. გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.