ფარული ჩანაწერების საქმეზე მმართველი გუნდი გამოძიების დასრულებას ელოდება. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი აღნიშნავს, რომ მასალების ავთენტურობის დამტკიცების შემთხვევაში, უნდა გაირკვეს, თუ როგორ მოხდა ჩანაწერების საჯარო სივრცეში გამოჩენა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება აღნიშნულ საკითხზე დასკვნების გაკეთება.
"ჩვენ უნდა დაველოდოთ ახლა გამოძიების შედეგებს, რამდენად ავთენტურია ეს მასალები და თუ არის ავთენტური - ვის მიერ და როგორ მოხდა ამ მასალების აღმოჩენა საჯარო სივრცეში და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები და შეფასებები.
სხვა ყველაფერი, მანამდე რომელიც კეთდება, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, არის პირდაპირი იერიში სახელმწიფოზე და ეკლესიაზე, რომ ის ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს საქართველოში რატომღაც გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის წინასაარჩევნოდ," - აცხადებს გიორგი ამილახვარი.