16 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
სუსის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, მისი ხელმძღვანელის პარლამენტში მიწვევა მხოლოდ ფორმალობა იქნება - ბაჩო დოლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე, "დღის კურიერის" ეთერში, ფარული მიყურადების ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი პარტია ამ "ბინძურ თამაშში" შესვლას არ აპირებს, რადგან ახლა, მათი მთავარი მიზანი და ამოცანა არჩევნების მოგებაა.

"ამ ბინძურ თამაშში ვერ შევალთ, ჩვენ კონკრეტული ამოცანა გვაქვს - არჩევნების მოგება. უნდა მივიღოთ მარტივი გადაწყვეტილება, ან ვრჩებით ერთპარტიული მმართველობის ქვეშ ან მრავალპარტიულ მმართველობას ვიღებთ,"- განაცხადა ბაჩო დოლიძემ. 

ამასთან, შეკითხვაზე - შეუერთდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" "ლელოს" ინიციატივას, სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში მიწვევაზე, ბაჩო დოლიძემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ფორმალობა იქნება, რადგანაც მისივე თქმით, სუს-ის ინსტიტუტი საერთოდ გასაუქმებელია.  

"რეფერენდუმის შემდეგ, როგორც კი ეს დაჯგუფება შეიცვლება, პირველ რიგში რასაც ყველა გააკეთებს, იქნება ამ უწყების სუს-ის გაუქმება, რადგან ეს არაფერი კარგის მომტანი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, დღეს პარლამენტში ვინმეს მიყვანა, მხოლოდ ფორმალური ნაწილია. სუს-ის ინსტიტუტი მხოლოდ გვაბრუნებს იმ საბჭოთა ეპოქაში, საიდანაც დღესაც ვცდილობთ გამოვიდეთ, ეს ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს,"- აღნიშნა ბაჩო დოლიძემ. 

დღის ამბები