16 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ახლა ჩვენ ვსაუბრობთ "ვორდის" დოკუმენტებში აკრეფილ ტექსტებზე, არ ვიცი მე ეს ტექსტი რეალურ აუდიო ჩანაწერს ეხება თუ არა - ბექა დავითულიანი ფარულ ჩანაწერებზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი ოპოზიციის ნაწილს პასუხობს, რომლებიც მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებს. 

ბექა დავითულიანი ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილი საკანონმდებლო ორგანოში  პერიოდულად  შესაბამის ფორმატებში ყოველთვის მოდის და პარლამენტს ანგარიშს აბარებს. 

"მე მაგალითად, საერთოდ არ ვიცოდი, ეს მასალა სად აიტვირთა, ვერც გავიგებდი, რომ ეს მასალა სადმე აიტვირთა, რომ არ ეჩვენებინა კამპანიურად რამდენიმე არხს, რომელიც ექვემდებარება ოპოზიციის პოლიტიკურ გავლენებს. ტირაჟირება ხდებოდა ამ არხების მხრიდან, შესაბამისად, ხელისუფლების ინტერესებში ეს არ იყო, ეს იყო ამ არხების და მათი პატრონების ინტერესებში. ეს არის ცალსახა.

ახლა გადავიდეთ იმაზე, უნდა მოვიდეს თუ არა ბატონი ლილუაშვილი, სუს-ის ხელმძღვანელი პარლამენტში. ბატონი ლილუაშვილი პარლამენტში პერიოდულად მოდის ხოლმე და ამის პრობლემას მე ნამდვილად ვერ ვხედავ  მისი მხრიდანაც. ის შესაბამის ფორმატებში ყოველთვის მოდის და აბარებს ანგარიშს პარლამენტს და კი ბატონო, ოღონდ, რომ მოვიდეს და ამ მოსვლას აზრი ჰქონდეს, უნდა ვიცოდეთ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. ეს მასალა მართლა არსებობს, არ არსებობს, თუ არსებობს რამდენად სიმართლე წერია იმ ტექსტებში და ა.შ. ამისთვის გამოძიებას უნდა ჰქონდეს, როგორც მინიმუმ რაღაცა კონტური მოხაზული. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ "ვორდის" დოკუმენტებში აკრეფილ ტექსტებზე. არ ვიცი მე ეს ტექსტი რეალურ აუდიო ჩანაწერს ეხება თუ არა,“ - აცხადებს ბექა დავითულიანი.

 

 

 

დღის ამბები