შალვა პაპუაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქტივისტებთან ერთად ხელვაჩაურში, "ქართლი ოცნების" შტაბში შეჭრასა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამგვარი ქმედებები სიტუაციის დაძაბვასა და უკონტროლო პროცესების შექმნის მცდელობას ემსახურება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ენმ-ს დღევანდელ ქმედებებეს კანონის ფარგლებში პასუხი გაეცემა.
"გაუგონარია უშუალოდ ის საბაბი, რომელიც ჩვენს ოფისში შესაჭრელად პროვოკატორებმა გამოიყენეს, მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც უდიდესი ალბათობით თავად დააზიანეს და შემდეგ ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს.
კარგად გვახსოვს, როგორ მიმართავდნენ მსგავს პრაქტიკას შარშანაც, როდესაც ჩვენი ოფისების ეზოებსა და მიმდინარე ტერიტორიებზე ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. დღეს კი უფრო შორს წავიდნენ და პროვოკაციის მოსაწყობად არა თუ ჩვენი შტაბის ეზოში, უშუალოდ შტაბში შევიდნენ. ვაზუსტებ, რომ საუბარია არა მხოლოდ ტელევიზიების წარმომადგენლებზე, არამედ მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატებზე და მათ აქტივისტებზე. ეს არის გაუგონარი თავხედობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უკონტროლო პროცესები გამოიწვიონ და დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს.
ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში ქარელში მთავარი არხის მიერ მოწყობილი პროვოკაციის კვალდაკვალ, ამ შემთხვევაშიც ცდილობდნენ ისეთი ლოკაციის შერჩევას, სადაც არის მეორე სართულიდან ჩასასვლელი კიბეები, რომელსაც ზედა მხარეს საერთოდ არ გააჩნია მოაჯირი და საიდანაც მათ მიერ პროვოცირებული შესაძლო არეულობის დროს, ადვილად შეიძლება გადავარდნილიყო ადამიანი. ეს იმისთვის სჭირდებათ რომ შექმნან აპოკალიფტური სურათი, თითქოს ქართული ოცნების ოფისიდან ხალხს მეორე სართულიდან ყრიან," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.