არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებზე ალაპარაკდა, ოპოზიცია კი თვლის, რომ "ქართული ოცნება" დესტრუქციას თავად პროვოცირებს.
მმართველი გუნდი 43 %-ზე მეტს ვერ აიღებს და არც ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, დესტრუქციის საბაბი სწორედ ეს იქნება - ასეთია ენმ-ს პროგნოზი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძის თქმით, "ქართული ოცნება" არეულობას თავად აანონსებს.
"სინამდვილეში 3 ოქტომბერს დესტაბილიზაციისთვის ემზადება "ქართული ოცნება". როდესაც ამბობს, რომ თუნდაც აიღოს 1 ან 3% ის არ დანიშნავს ვადამდელს. როდესაც ხელისუფლება ვერ აიღებს 43% ის ვერ იქნება ლეგიტიმური ამაზე შეთანხმდა ქართველი ხალხი. როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლება მართავს ქვეყანას სამოქალაქო მშვიდობა ვერ იქნება. ამისთვის ემზადებიან ისინი და ამბობენ, რომ ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავენ და სწორედ ეს არის დაანონსებული არეულობა,"- აცხადებს ობოლაძე.