გიორგი გახარიამ კალაძის გამოწვევიდან 2 კვირის შემდეგ ნაკოტესტი ჩააბარა, თუმცა არა საქართველოში. ყოფილი პრემიერი და თბილისის მერობის კანდიდატი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მას არანაირი ნარკოტიკის მოხმარება არ უდასტურდება. მტკიცებულებად მოყვანილია ვენაში მდებარე ერთ-ერთი ჰოსპიტალის მიერ გაცემული დასკვნა. გახარიას მიმართ ახალი ბრალდებების საგანი ამჯერად სწორედ ეს დასკვნა გახდა.
მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ცნობა ყალბია. არგუმენტად კი კლინიკის რეპუტაცია მოჰყავთ.
ამასთან, თუ ამ დრომდე გახარიას ნარკოტიკებთან კავშირის შესახებ მხოლოდ მინიშნებები კეთდებოდა, დღეს ირაკლი კობახიძემ პირდაპირ გააჟღერა ბრალდება, რომ ყოფილი პრემიერი კოკაინის მომხმარებელია. კობახიძემ, საზოგადოებას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის მოწამვლის სკანდალი და ამ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის საქმეში ვენაში გამოვლენილი ხარვეზებიც შეახსენა.
ირაკლი კობახიძის ბრალდების პასუხი გიორგი გახარიამ არ ისურვა. ექს-პრემიერმა მხოლოდ ავსტრიულ დაწესებულებაში შემოწმების მიზეზი ახსნა და განაცხადა, რომ სამხარაულის ბიუროში ტესტირებაზე უარი წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვიტა.
არასავალდებულო ნარკოტესტის ჩატარების იდეა დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში გააჟღერა. მმართველი გუნდის კანდიდატმა 5 დასახელების ნარკოტიკულ საშუალებაზე შემოწმება პირველივე სამუშაო დღეს, სამხარაულის ბიუროში მედიის თანდასწრებით ჩაიტარა.