ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მდივანი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს ეცნობიან.
კარი ჰენრიქსენი და რობერტო მონტელა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ეწვივნენ. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პარტიის ლიდერებმა მათ საარჩევნო გარემოს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
"ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული ის თუ რამდენად მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება 2 ოქტომბერს საქართველოში, რომ ეს არ არის მორიგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომ ამ არჩევნებმა პრინციპში უნდა განსაზღვროს თუ როგორ განვითარდება საქართველო, მათ შორის, რა იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი.
რა თქმა უნდა, მათ ვესაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს წინასაარჩევნოდ, ძალადობაზე, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, დაშინებაზე, ზეწოლაზე და ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის პოლიტიკაზე," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.