საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე და პოლიტიკური კრიტიკა ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართით - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებას ცდილობს.
მმართველი პარტიის კრიტიკის საფუძველი საიას სარჩელია, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედი მუნიციპალური საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
"ქართულ ოცნებაში" ამ სარჩელს აბსურდულს უწოდებენ და პარალელს ავლებენ 5 წლის წინანდელ ანალოგიურ სარჩელთან, რომლის ავტორი "ნაციონალური მოძრაობა" იყო.
ბრალდებებს უკვე უპასუხეს ადრესატებმა. ენმ-ის წევრის, ნიკა ობოლაძისთვის გაუგებარია რატომ დააკავშირა კობახიძემ საია "ნაციონალურ მოძრაობასთან". მისი შეფასებით, მაჟორიტარული ოლქები უნდა იყოს დაახლოებით თანაბარი.
"მაჟორიტარული ოლქები უნდა იყოს დაახლოებით თანაბარი, ყოველთვის დაგვიფიქსირებია ეს პოზიცია და დავაფიქსირებთ მომავალშიც.
რა გააკეთა ახლა კობახიძემ, გამოვიდა და თქვა, რომ საიამ შეიტანა რაღაც სარჩელი, ამის შემდეგ ეს სარჩელი რაღაცნაირი ლოგიკით დაუკავშირა "ნაციონალურ მოძრაობას". რა შუაშია საია და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთთან?!
ამის გარდა მან თქვა, რომ ეს სარჩელი არის სამართლებრივად სრულიად აბსურდული. აბა რა ადარდებს კობახიძეს, თუ აბსურდული სარჩელია?" - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს სარჩელი შესაძლოა გამოყენებული იყოს, პოლიტიკურად რადიკალური ჯგუფების მიერ.