16 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
"ოცნების" კვლევა და შეფასებები - ბათუმის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატები კვლევას უნდობლობას უცხადებენ

"ქართული ოცნების" მიერ ბათუმში ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას გამოკითხულთა უმეტესობა უჭერს მხარს, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

ხელისუფლების ოპონენტები  "ოცნების" მიერ ჩატარებულ კვლევას კვლავ უნდობლობას უცხადებენ. შეფასებები ბათუმის მერობის კანდიდატებმაც გააკეთეს. 

"ღიმილის მომგვრელია ის კვლევები, რომელიც თქვენ ახლა მაჩვენეთ. ეს ნიშნავს, რომ შარშანდელთან შედარებით ლამის გაორმაგებულა "ქართული ოცნების" რეიტინგი. შარშან, გაყალბებულ არჩევნებშიც კი 15%-ით ნაკლები დაიწერეს "ქართული ოცნების" წევრებმა თავისთვის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის რეალისტური.

ბათუმში აუცილებლად მოიგებს ოპოზიციური ერთობა. თქვენ იცით, რომ ბათუმში 10-ზე მეტი პოლიტიკური პარტია არის მჭიდრო კოორდინაციაში - ჩვენ მაჟორიტარულ ოლქებშიც და მერის კანდიდატთან მიმართებაშიც გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. ბათუმის მერია აუცილებლად იქნება კოალიციური და ბათუმის საკრებულო აუცილებლად იქნება მრავალპარტიული,"- აცხადებს ბათუმის მერობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი კირთაძე. 

ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან "საქართველოსთვის",  ირაკლი მიქელაძე აცხადებს, რომ მისი პარტია წინასაარჩევნო ბუღალტერიით დაკავებული არ არის. 

"ჩვენ არ ვართ დაკავებული წინასაარჩევნო მათემატიკით და ბუღალტერიით, ეს არ არის ჩვენი საქმე, ჩვენ დაკავებული ვართ იმით, რომ ვხვდებით მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში, ვეცნობით მათ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს და 2 ოქტომბერს ვიხილავთ შედეგებს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იქნება ის შედეგები, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას,"- აცხადებს მიქალაძე. 

ბათუმის მერობის კანდიდატი "გირჩი - მეტი თავისუფლებიდან" გიორგი ფუტკარაძე ამბობს, რომ მსგავსი კვლევით მხოლოდ ტენდენციის დანახვა შეიძლება და არა საბოლოო შედეგის. 

"კვლევებით შეიძლება რაღაც ტენდენციები დაინახო, რაღაც მიმართულებები, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი შედეგების ამსახველი. ამიტომ მგონია, რომ ეს კვლევები მიკერძოებულია და ემსახურება ხალხში იმედგაცრუების გაჩენას, რომ არაფერი არ იცვლება. "ქართული ოცნება" ვერ აიღებს იმ ნიშნულზე ზემოთ, რაც იყო შეთანხმებული და საბოლოო ჯამში, მივიღებთ იმას, რომ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები,"- აცხადებს გიორგი ფუტკარაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები