ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ. მისი დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, საუბარი შეეხო როგორც რეგიონულ ჭრილში არსებულ გამოწვევებს, ასევე ქვეყნის შიდა გამოწვევებს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მთავარი ინტერესი წინასაარჩევნო კამპანიის გარემოებები იყო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი ქავთარაძე ამბობს, რომ შეხვედრის წარმომადგენლებს გამოწვევებსა და პრობლემის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
თავად რეკომენდაციების შესახებ "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ამბობს, რომ გზავნილის მთავარი ადრესატი მმართველი გუნდია.
"ეუთოს დასკვნებში ყოველთვის ამოიკითხავთ ყველა მხრივ გზავნილს, მაგრამ ყველა გზავნილი, როცა არის პასუხისმგებლობაზე, რაღაცის არ დაშვებაზე, ძალადობის მიუღებლობაზე, ეს ყველაფერი პირველ რიგში ეკუთვნის, ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებას,“ -აცხადებს გიგი წერეთელი.
განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პლატფორმიდან ”მესამე ძალა, სერგო ჩიხლაძემ, რომელიც სიძულვილის ენაზე ამახვილებს ყურადღებას.
"სიძულვილის ენა გრძელდება და სამწუხაროდ, ხელისუფლება არ ღალატობს თავის ტრადიციას, ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ყოველი განცხადება, მათი ლიდერების, ეს ემსახურება სიძულვილის ენის გაღვივებას. ვდგავართ ბანერთან, რომელზეც სისხლი და ძალადობა არის გამოსახული,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ "ლელო“ ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნებზე ოპოზიციის ხმები დაცულ იყოს.