წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული მეგის ქარდავა, ექსტრადირების შემდეგ, ციხიდან წერილს აქვეყნებს.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რუსთავის მეთორმეტე საპყრობილედან წერს, რომ ქართული მხარისთვის მისი გადმოცემა უკანონოდ განხორციელდა. ქარდავა პატიმრების წამების, მათ შორის სექსუალური ძალადობის, პოლკოვნიკ თეთრაძის მკვლელობისა და სხვა მძიმე დანაშაულის ფაქტებს უარყოფს.
სოციალურ ქსელში წერილის გამოქვეყნებამდე, დღეს 5 სისხლის სამართლის საქმეში მსჯავრდებული მეგის ქარდავა ადვოკატმა მოინახულა. რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ, მიხეილ ველიჯანაშვილმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არცერთ საქმეზე არ აღიარებს. ქარდავას ინტერესების დამცველი უკვე დამდგარი განაჩენების გასაჩივრებას გეგმავს.
ციხის ბუნტის, კასრების საქმის, ადამიანების წამების, ნავთლუღის სპეცოპერაციისა და სხვა დანაშაულებში ბრალდებული ქარდავას ქმედებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დღეს არარელევანტურს უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში განმარტავენ, რომ წინა ხელისუფლებამ ყველა გადაცდომაზე პასუხი 2012 წელს არჩევნებში დამარცხებით აგო.
მეგის ქარდავას წარსულში ჩადენილ ქმედებებს დანაშაულებრივად მიიჩნევს თაკო ჩარკვიანი. თუმცა ექსპრეზიდენტის დასაბრუნებლად შექმნილი ორგანიზაციის დამფუძნებელი, სააკაშვილის მიერ ღირსების ორდენით ორჯერ დაჯილდოებული ქარდავას მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებში ყოფილი მთავარსარდლის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.
განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. "ქართულ ოცნებაში" მეგის ქარდავას წინა მთავრობის რეალურ სახედ მიიჩნევენ. ოცნების ლიდერების განმარტებით, ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი იმ სისტემის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს შეიქმნა.
მეგის ქარდავა, რომელმაც საქართველო 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისთანავე დატოვა, სისხლის სამართლის თერთმეტ საქმეშია ბრალდებული. საქალაქო სასამართლომ ის ხუთ მონაკვეთში უკვე დამნაშავედ ცნო, ექვს საქმეს კი ამ დრომდე განიხილავს.