საგანგებო სესია სუს-ის ხელმძღვანელის მონაწილეობით - გაერთიანდება, თუ არა ოპოზიცია "ლელოს" და "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ინიციატივის გარშემო ჯერჯერობით უცნობია. "ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს არჩევნებამდე რაიმე სახით საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას.
"მე პირადად წინააღმდეგი ვარ, რომ 2 ოქტომბრამდე იმ თავყრილობაში მივიღოთ მონაწილეობა. 2 ოქტომბრამდე ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული. "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ დეპუტატს არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად. უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, არიან რაიონებში, არიან რეგიონებში, არიან ველად გასული და თითოეული დღე არის საჩუქარი უბრალოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები მოწყდნენ აქტიურ მუშაობას და ჩამოვიდნენ თბილისში," - ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია.
ოპოზიციის ნაწილი გადაწყვეტილებას უწუნებს "ნაციონალურ მოძრაობას" და ხაზს უსვამს საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მნიშვნელობას.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადება არის უპასუხისმგებლობა და შეცდომა, რადგან ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რაც გვაქვს ჩვენ დღეს, რომ გავაკონტროლოთ, ვნახოთ და პასუხი ვაგებინოთ სუს-ის ხელმძღვანელს, ეს არის მისი დაბარება სესიაზე. წარმოუდგენელია რომელიმე არგუმენტი, რომელიც დაასაბუთებდა იმას, თუ რატომ არ გვინდა დღეს სუს-ის ხელმძღვანელის მოწვევა პარლამენტში. საჭიროა ერთი დღის გამოყოფა," - აცხადებს "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" წევრი ხათუნა სამნიძე.
პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლებას" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სესიის მოთხოვნის საკითხს ხელს მოაწერს, თუმცა რაიმე შედეგის მოლოდინი არ აქვს.
"თუ მთხოვენ მოვუწერ ხელს რა პრობლემაა. ზოგადად ცუდი არ არის, თუ მაგას გააკეთებენ უბრალოდ მე არ მჯერა საბოლოო შედეგის. არ მჯერა, რომ საპარლამენტო მოსმენებისა ან დროებით საგამოძიებო კომისიის შედეგად მანდ შეიძლება რაიმე შედეგი დადგეს მანამ, სანამ ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" არის. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, მერე დადგება ვიღაცების პასუხისმგებლობა" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საგანგებო სესიის მოთხოვნის საკითხზე ოპოზიციამ უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. "ლელოს" და "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ინიციატივით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე გამოცხადდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.