16 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
"სრული კონცენტრაცია 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე უნდა მოვახდინოთ"- ოპოზიცია რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხზე ვერ თანხმდება

პარლამენტის ფრაქციების, "ლელოს" და "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ინიციატივით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე გამოცხადდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

გაერთიანდება, თუ არა ოპოზიცია ამ ინიციატივის გარშემო, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ წინასაარჩევნოდ რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევა გამართლებული არ არის. 

"ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია, ამ ეტაპზე, არის, რომ სრული კონცენტრაცია მოვახდინოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ჩვენ ყველა ველზე ვართ გასული, პრაქტიკულად, დეპუტატების უმეტესობა ვართ სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილებული და ვიბრძვით ამ რეფერენდუმისთვის. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩატარდება 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები, როგორც რეფერენდუმი, ძალიან მალე ჩვენ მივუბრუნდებით ამ საკითხს არამარტო საპარლამენტო სხდომაზე, არამედ მივუბრუნდებით ძალიან სიღრმისეულად რეფორმირების საკითხს,"- აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. 

ამ პოზიციის გამო, ენმ-ს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აკრიტიკებს. მისი თქმით, წინასაარჩევნო მოუცლელობა მისთვის არგუმენტი არ არის. 

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ გადადგას მკაფიო, პრინციპული ნაბიჯები. როცა დღეს შესაძლებლობა გვაქვს სუსის ხელმძღვანელი პარლამენტში მოვიყვანოთ და კითხვები დავუსვათ და ამას ხელს უშლის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს მიუღებელია და პოლიტიკურ შეცდომად მივიჩნევ. რა მოტივია, რატომ აკეთებს ამას - ეს უნდა განსაჯონ ამომრჩევლებმა, მაგრამ ჩემთვის არგუმენტი, რომ ახლა არ გვცალია რიგგარეშე სხდომისთვის, მიუღებელია,"- აცხადებს სამნიძე. 

დღის ამბები