საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ავსტრიის კანცლერთან გამართა. მთავრობის მეთაურმა სებასტიან კურცს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისა და ზოგადად მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა; ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტსაც.
შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა ავსტრიის კანცლერის მიერ ავღანეთის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის დიალოგში მიიღო მონაწილეობა.
მოგვიანებით, ავსტრიის კანცლერი გამართულ შეხვედრებს ტვიტერში გამოეხმაურა. სებასტიან კურცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტსაც. საუბარი ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობითა და შეერთებული შტატებით ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას შეეხებოდა, რომლის შედეგადაც, სომხეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ, ხოლო აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები გადაეცა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტ ერდოღანის განსაკუთრებული ძალისხმევა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოების პრიორიტეტულობაზე. გამოითქვა იმედი, რომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა, ნიუ-იორკში, თურქულ სახლში, საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.