დმანისში გუშინ მომხდარი ინციდენტი ოპოზიციამ დღეს აქციით გააპროტესტა. ადგილზე ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და კახა ოქრიაშვილიც ჩავიდნენ. მათ მხარდამჭერებთან, ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებაზე ისაუბრეს და ყველა დამნაშავის დასჯა მოითხოვეს.
"ბიძინა ივანიშვილს კოვზი ჩაუვარდა ნაცარში. მერამდენედ აკეთებს უკვე და ალბათ ფიქრობს, იცით რა, ყელში ნაჯახს ჩაგარტყამთ, დავჭრით... საოცრად გაგვიმართლა, რომ გადარჩა 2 ადამიანი. ეს იმისთვის იყო გათვლილი, რომ შიში დაესადგურებინათ დმანისში,"- აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია.
"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე კი, მომხდარს "ადამიანების ჩეხას" უწოდებს:
"ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ამას ერქვა სახელად - ადამიანების აჩეხვა, ორგანიზებული თავდასხმა შეიარაღებული ჯგუფისა, შეიარაღებულები იყვნენ, არამხოლოდ ზონდერები, არამედ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატიც. სამარცხვინოა, როდესაც ადამიანი იარაღის გარეშე ვერ ახერხებს თანასოფლელებთან სხვა ენით ლაპარაკს," - აღნიშნავს "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე.
ინციდენტი დმანისში გუშინ მოხდა, დაჭრილია "ნაციონალური მოძრაობის" 2 აქტივისტი, რომლებიც თბილისში, "ნიუ ჰოსპიტალსში" გადმოიყვანეს.