16 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
დმანისის ინციდენტში მონაწილე პირს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თუ ეს დადასტურდება, ენმ-ს პასუხისმგებლობა დამძიმდება - ირაკლი კობახიძე

დმანისში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" 2 აქტივისტი დაჭრეს, მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ადამიანს, ვინც ეს ჩაიდინა, მათი ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობა დამძიმდება. 

"ჩვენ ვიცით, რომ მას მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. თუ ეს გამოიკვეთება და თუ ასეთი ადამიანის მიმართ მიზანმიმართულად განხორციელდა პროვოკაცია, ეს ამძიმებს "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობას. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ქმედებას, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომელმაც ეს ჩაიდინა და ეს პირი დაკავებულიც არის, დანარჩენს კი, გამოძიება დაადგენს," - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

მამუკა მდინარაძე მომხდარს გმობს და პასუხისმგებლობას მთავარ ოპოზიციურ პარტიას აკისრებს.

"ამ ქმედების ჩამდენთან მიმართებით, ჩვენ გუშინ ძალიან მკაცრები და ხისტები ვიყავით, მაგრამ თუ დადასტურდება, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთან ადგილი მძიმე პროვოკაციას ჰქონდა, ეს ძალიან მძიმედ დაუჯდება "ნაცმოძრაობას", ეს არის უდიდესი ამორალურობა,"- აღნიშნავს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

ინციდენტი დმანისში გუშინ მოხდა, დაჭრილია "ნაციონალური მოძრაობის" 2 აქტივისტი, რომლებიც თბილისში, "ნიუ ჰოსპიტალსში" გადმოიყვანეს. 

დაჭრის ფაქტი კი შსს-მ გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
 
 

 

დღის ამბები