კომპანია "ენკას" მიერ "ნამახვანჰესის" მშენებლობის შეწყვეტის საკითხს ოპოზიციაში კომენტარები მოჰყვა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონტრაქტი თავიდანვე არ უნდა გაფორმებულიყო და პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას გააკოტრებს, რასაც საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს.
"ეს ხელისუფლება ქვეყანას გააკოტრებს. როგორც ხედავთ კიდევ ახალი საჩივრის/სარჩელის საფუძველი წარმოიშვა. ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. შეუძლებელია "ქართული ოცნების" პირობებში ჩვენ მოვახერხოთ და გადავურჩეთ იმ გამოწვევებს, რომელსაც "ქართული ოცნება" უქმნის თავისი უუნარო, არაკომპეტენტური მავნებლური მართვით," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
პოლიტიკური პლატფორმა "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის კონტრაქტი ზოგადად ჰესებზე არაფერს მეტყველებს.
"თავისთავად ასეთი კონტრაქტი ჯობია არ ყოფილიყო გაფორმებული. როცა გაფორმდა, იმის შეწყვეტა იყო არამომგებიანი. სამწუხაროდ ასეთი რეალობაა. ზოგჯერ ისეთ კონტრაქტებს ვაფორმებთ ხოლმე, რომ იძულებული ვართ აღვასრულოთ ეს კონტრაქტი, მაგრამ თავისთავად, ნამახვანჰესის კონტრაქტი არაფერს არ მეტყველებს ზოგადად ჰესებზე. გასაგებია, რომ რადგან დიდი პოტენციალია ენერგეტიკაში ჩვენს ქვეყანაში ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ მომგებიანად და არა იმიტომ, რომ რომელიღაც ინტერესთა ჯგუფს ეს აინტერესებს," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ენმ-ს წევრი ნიკა ობოლაძე მიიჩნევს, რომ ჰესი უნდა აშენებულიყო ადგილობრივების ინტერესების დაცვით, სწორი პირობებით ისე, რომ საქართველოს ეკონომიკას მოხმარებულიყო და ეს მისი თქმით, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო.
"თუ დაიდო თავის დროზე არასწორი ხელშეკრულება, შემდეგ თუ ეს ხელშეკრულება ვერ გამოსწორდა, თუ ახლა უნდა მოიშალოს ეს ხელშეკრულება და რამდენიმე ასეული მილიონით საქართველო უნდა დაჯარიმდეს - ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას","- აცხადებს ნიკა ობოლაძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესის მსგავსი მეგაპროექტების დაგეგმვის დროს საჭიროა ადგილობრივებთან და საზოგადოებასთან საუბარი იმასთან დაკავშირებით თუ რას მიიღებს თითოეული მოქალაქე, ან ამა თუ იმ ხელშეკრულებით რა რისკებია ჩადებული.
შეგახსენებთ, რომ ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კომპანიის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.