გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს განაგრძობს.
ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერს შეხვდა - ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პრემიერმა სებასტიან კურცს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის და ზოგადად მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა; ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტსაც.
შეხვედრის შემდეგ, ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერის მიერ ავღანეთის თემაზე ორგანიზებულ დიალოგში მიიღო მონაწილეობა.
პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტსაც. საუბარი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებასაც შეეხო, ასევე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე. შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა თურქულ სახლში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტმა სამუშაო სადილი გამართა, ღონისძიებაში ქართული დელეგაციაც მონაწილეობდა. არაფორმალურ გარემოში აქცენტები გაკეთდა ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობაზე.
გამართულ შეხვედრას ავსტრიის კანცლერი twiter-შიც გამოეხმაურა. სებასტიან კურცის თქმით, ავსტრიასა და საქართველოს ორმხრივი, შესანიშნავი ურთიერთობები აკავშირებთ.