პოლიტიკური ლიდერების დაპირისპირება ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ელჩის კრიტიკა და მოწოდებები - კარლ ჰარცელის გუშინდელ განცხადებას, სადაც ის მელია-კობახიძის ინციდენტის შეფასებისას წინასაარჩევნოდ მსგავსი შემთხვევების დაუშვებლობაზე საუბრობდა, ადრესატები ეხმაურებიან.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე მომხდარში ნიკა მელიას დანაშაულს ვერ ხედავს.
"ბოდიში უნდა მოიხადოს კობახიძემ არა ჩუმად ნათქვამ გაპარულ სიტყვებზე, არამედ იმაზე, რასაც უკეთებდა ქვეყანას მთელი ეს წლები. ნიკა მელიას და ყველას აქვს მწვანე შუქი იმაზე, რომ კითხვები დასვას. მელიამ დასვა შეკითხვა, რატომ გადაუხსენით ადამიანს სახე და პასუხისმგებლობას რატომ არ იღებთო. არაფერი მელიას იქ სხვა არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ შეკითხვა დასვა,"- აცხადებს ნიკა ობოლაძე.
"ლელოს" წევრის, ლანა გალდავას თქმით, ელჩის განცხადება წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზაციაზე მიუითითებს.
"ევროკავშირის ელჩის განცხადება მიუთითებს იმას, რომ საქართველოსი წინასაარჩევნო გარემო დაძაბულია, პოლარიზებული, იმართება პროცესები ძალოვანი უწყებების მხრიდან და ის ფაქტი, რომ შს მინისტრი ვერ იღებს პასუხისმგებლობას ოპოზიციური პარტიების ლიდერების უსაფრთხოებაზე, ეს ნიშნავს, რომ შს მინისტრი ბუტაფორიაა ამ ქვეყანაში,"- აცხადებს ლანა გალდავა.