საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დმანისში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გმობს ძალადობას, მიუხედავად იმისა, ვისი მხრიდანაა პროვოცირებული.
მისივე თქმით, მსგავსი პროვოკაციების პასუხად სიმშვიდეა საჭირო.
"ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, ჩვენი მოტივაცია და ამბიციაა, რომ მართლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ ახლაც და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება ისე, რომ შემდგომი სამი წელი ქვეყანაში არ იყოს რყევები, ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის მოწყობაც ჩვენს ოპონენტებს სურთ.
ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში, ჩვენმა პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლეს დონეზე ჩაატარა საარჩევნო კამპანია და ოპონენტებს არ მივცემთ პროვოკაციების მოწყობის საშუალებას. იყო ერთი ორი გამონაკლისი. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ძალადობის ფაქტები და ამის თაობაზე უკვე გავავრცელე განცხადება, სამწუხარო იყო დმანისის მოვლენები. მინდა აღვნიშნო, რომ მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხრიდან იყო პროვოცირებული და დაგეგმილი. ჩვენ ძალადობას და პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და ამის შესახებ გავაკეთეთ განცხადება, რომ მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ ეს რამდენიმე დღე,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.