საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, საქართველოში კოალიციური მთავრობის საჭიროებაზე იზიარებენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული რეალობა ადეკვატურად შეაფასა.
"გაფუჭებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს, შესაბამისად ქალბატონ სალომეს ამ ბოლო პერიოდში ვამჩნევ, რომ რეალობასთან უფრო ახლო განცხადებები აქვს და ის ყველაზე უკეთესად აღიქვამს იმ რეალობას, რაც საქართველოშია. საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე აღმოჩნდა ყველაზე ადეკვატური "ქართულ ოცნებაში", რომელიც რეალურად აფასებს საფრთხეს, რაც საქართველოს ემუქრება, რაც შეუქმნა "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფოს და რეალურად ერთადერთი გამოსავალი და არ შემიძლია არ დავეთანხმო, არის კოალიციური მთავრობა და ეს კოალიციური მთავრობა შეიქმნება 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ნონა მამულაშვილი.
საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ფრანგულ ჟურნალთან ინტერვიუში საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბოლო 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.