პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, თინათინ ბოკუჩავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აფასებს, სადაც ის კოალიციური მთავრობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, სალომე ზურაბიშვილი თავისი ამ განცხადებით ცდილობს ერთგვარად საერთაშორისო პარტნიორების გულის მოგებას, ასევე ცდილობს "ქართული ოცნების" რადიკალურ ფრთას გაემიჯნოს.
"არაერთხელ მომიწია იმის თქმა, რომ როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ადეკვატურად გამოიყურება "ქართულ ოცნებაში", ეს მეტყველებს ჩემთვის იმაზე, თუ რამდენად არაადეკვატური გახდა მთლიანად ეს პოლიტიკური ძალა და ივანიშვილის ეს პოლიტიკური პროექტი.
ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც ამ სტატიაში ასევე ამბობს, რომ საქართველო აღარ არის რუსეთის უკანა ეზო, რაც სრული აბსურდია იმ ადამიანისგან, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს აბრალებს 2008 წლის ომის დაწყებას, ამ ნაწილში ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ადეკვატურობის მარცვალი აშკარად იგრძნობა მის საუბარში და ეს არის სწორედ კოალიციურ მთავრობაზე ორიენტაცია და კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე საუბარი.
კიდევ ერთი ახსნა, რაც პოტენციურად შეიძლება ჰქონდეს სტატიაში მის ამ ციტატას, არის ერთგვარად ფროიდის წამოცდენის მსგავსი რაციონალიზაცია, რაც მდგომარეობს შემდეგში: ბიძინა ივანიშვილმაც ძალიან კარგად იცის, რომ კოალიციური მთავრობა დგას დღის წესრიგში და რომ არის გარდაუვალი, რომ ერთპარტიული მმართველობის პერიოდი ამ ქვეყანაში დასრულებულია და რომ ეს არის დაკვეთა ქართველი ხალხის და მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთპარტიულ მმართველობას აღიქვამენ, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას საქართველო და მისი დემოკრატიული განვითარება და შესაბამისად, მისი ევროატლანტიკური მიზნები, რომელიც გადაჯაჭვულია ჩვენს დემოკრატიულ განვითარებაზე. ამით გარკვეულწილად გული მოიგო, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ასევე შუაში მდგომი ამომრჩევლის და თვლის, რომ პოლიტიკურად ის შეეცდება, რომ ამგვარად გაემიჯნოს "ქართული ოცნების" რადიკალურ ფრთას,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.