პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი "დღის კურიერის" ეთერში ექსპრეზიდენტის მიერ საქართველოში ჩამოსვლის კიდევ ერთხელ დაანონსებას გამოეხმაურა, ვოლსკის შეფასებით, თუ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ჩამოვა, მისი მთავარი მიზანი დესტრუქცია იქნება.
"რაც შეიძლება, რომ გარანტირებულად ვთქვა, სადიზმს, რომელსაც მისი ხელისუფლება აწარმოებდა ციხეებში, ნამდვილად ის არ შეხვდება, არც ცემენ, არც გააუპატიურებენ, არც აწამებენ, ეს ფაქტია.
მეორე ფაქტორია ჩამოსვლის წინაპირობა და მიზეზი, ეს არის დესტაბილიზაციასთან დაკავშირებული, რომელიც ვერ მოახერხეს, ჰქონდა მას ასეთი სურვილები. შემდეგ მელიამაც მოუწოდა ჩამოდიო, მე რომ შენს ადგილზე ვყოფილიყავი ჩამოვიდოდიო - მერე ამან დაამუნათა.
ახლა მისი მთავარი მიზანია ნებისმიერი ხერხით მოახდინოს არჩევნების დისკრედიტაცია, იქნებ დაუპირისპირდნენ. მე მგონია, რომ რაც მან განაცხადა "ხელი გაანძრიეთ და ჩამოვალ" ეს არის მთავარი პოსტულატი, რითაც მოძრაობს. ის ჩამოვა იმ იმედით, რომ ხელს გაანძრევს ხალხი და რევოლუციურ პროცესებს ჩაუდგება სათავეში, რაც ნაკლებად მოსალოდნელია,"- აცხადებს გია ვოლსკი.