პირველი იანვრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები ფარმაცევტული კომპანიებისთვის. "დღის კურიერის" ეთერში, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ ისაუბრა, თუ რამდენი კომპანიაა მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის სტანდარტი დააკმაყოფილოს.
"ამჟამად, 52 სერტიფიცირებული წარმოებაა საქართველოში, აქედან ერთს უკვე აღებული აქვს აღნიშნული სერტიფიკატი. წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კიდევ დააკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს 2-3 წარმოება, ხოლო დანარჩენს, სამწუხაროდ, არსებული კანონმდებლობით ემუქრება დახურვა და აქედან გამომდინარე, შედეგები, რომელიც სავალალო იქნება არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ სავალალო იქნება მთლიანად ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის," - აღნიშნა ლევან გოგიბერიძემ.
ლევან გოგიბერიძე აცხადებს, მნიშნველოვანია თუ მოხდება სტანდარტის დასაკმაყოფილებლად გარკვეული გადავადება.
"ჩვენ არ ვითხოვთ გადავადებას მხოლოდ გადავადებისთვის. ჩვენ ვითხოვთ, რომ რეალურად იმ მწარმოებლებს, რომელთაც აქვთ ამის პოტენციალი, სურვილი, შესაძლებლობა მიეცეთ საშუალება, რომ დააკმაყოფილონ ახალი სტანდარტი," - განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.
საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამჟამად საწარმოებში 2500 ადამიანია დასაქმებული, დაახლოებით 1700 ადამიანი დარჩება უმუშევარი. ლევან გოგიბერიძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკას დიდი დანაკლისი მიადგება.
ცნობისთვის, 2022 წლიდან ფარმაცევტული კომპანიები ვალდებულები იქნებიან ჯიემპი და ჯიდიპი სტანდარტები დააკმაყოფილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ. ეს ნიშნავს კარგ ხარისხს და კარგ პირობებს როგორც წარმოებისთვის, ასევე დისტრიბუციისთვის. ეს ასევე ნიშნავს ევროკავშირის სტანდარტის აღიარებას წამლის ხარისხის კონტროლის კუთხით. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ახალი სტანდარტი პირდაპირ გულისხმობს წამლის მაღალ ხარისხს ქვეყანაში.