16 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
როგორ შეიძლება იმ პრეზიდენტის ჩამობრუნებამ მოიტანოს საგარეო საფრთხე, რომელმაც გატყორცნა საქართველო ზუსტად საგარეო კუთხით - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაზე, პოლიტიკოსები აფასებენ. ზოგი მათგანი თვლის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლა, სულაც არ მოიტანს საფრთხეს საგარეო მიმართულებით. სწორედ ასე ფიქრობს თაკო ჩარკვიანი და იმასაც აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტარების მსგავსი განცხადებების ესმის, ვინაიდან ეს მათი საქმეა და რთულ ვითარებაში ნაბიჯის გადადგმისკენ ვერავის მოუწოდებენ. 

"როგორ შეიძლება იმ პრეზიდენტის ჩამობრუნებამ მოიტანოს საგარეო საფრთხე, რომელმაც გატყორცნა საქართველო ზუსტად საგარეო კუთხით. მე მესმის ევროპარლამენტარებისაც,  მათი დიპლომატიური ეთიკა და ეტიკეტი მოითხოვს იმას, რომ მათ ასე თქვან. არც ერთი დიპლომატი არ მოგითითებს რთული ვითარების დროს, რომ შენ რაღაც ნაბიჯი გადადგა. ეს ნაბიჯი კი, სააკაშვილმა თავად გადადგა და ეს მისი არჩევანია,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი. 

”გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა კი, კრამონის განცხადება ჩვენი ქვეყნის პრობლემებისგან დაღლილობად აღიქვა. 

"ერთი მხრივ, ვიოლა კრამონის განცხადება აღვიქვი, როგორც დაღლილობა ჩვენი პრობლემებისგან. ქვეყანაში არაფერი არ ხდება ისეთი, რომ ერთი ადამიანის ჩამოსვლა დესტაბილიზაციას იწვევდეს საქართველოსთვის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს,"- აღნიშნავს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი. 

პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” თავმჯდომარე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას ვერავინ დაუშლის და მისივე თქმით, თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვა. 

ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ მოსაზრებას საკუთარ ვებსაიტზე აქვეყნებს. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა, არჩევნების დღეს დაძაბულობას გაზრდის.

"ევროკავშირს კი არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში," - წერს ევროპელი კანონმდებელი და აღნიშნავს, რომ ამის თაობაზე მან თავად და კოლეგებმაც განუმარტეს ექსპრეზიდენტს და ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.

დღის ამბები