16 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
მმართველი გუნდის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები მოსალოდნელ საფრთხეებს ხედავენ და სწორედ ამიტომ ურჩევენ სააკაშვილს თავშეკავებას

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაზე, მმართველ გუნდში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორები მოსალოდნელ საფრთხეებს ხედავენ და სწორედ ამიტომ ურჩევენ სააკაშვილს თავშეკავებას. 

"სტრასბურგში ვიზიტის დროს ჩვენც ვესაუბრეთ ევროპარლამენტარებს და გვითხრეს, რომ მათ პირდაპირ უთხრეს მიხეილ სააკაშვილს, მოიქცეს ისე, რომ დამატებითი პროვოკაციები არ გამოიწვიოს. 

შესაბამისად, მას ურჩიეს, მშვიდად დაელოდოს არჩევნების შედეგებს,"- აღნიშნავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

მმართველ გუნდში ასევე ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის მხრიდან პროვოკაციები ჩვეულებრივი ხელწერაა და ამაში ახალი არაფერა

"ექსპრეზიდენტის მხრიდან პროვოკაციები ჩვეულებრივი ხელწერაა, ისევე როგორც მათი პარტიის ნომინალური თავმჯდომარის მელიას მხრიდან და აქ ახალი არაფერი არ არის. კარგია ის, რომ ევროპარლამენტარები კარგად ხვდებიან თუ რა ფენომენთან აქვთ საქმე,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი ხელაშვილი.

ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ მოსაზრებას საკუთარ ვებსაიტზე აქვეყნებს. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა, არჩევნების დღეს დაძაბულობას გაზრდის.

"ევროკავშირს კი არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში," - წერს ევროპელი კანონმდებელი და აღნიშნავს, რომ ამის თაობაზე მან თავად და კოლეგებმაც განუმარტეს ექსპრეზიდენტს და ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.

დღის ამბები