"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მას მიხეილ სააკაშვილის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. გიგა ბოკერიას თქმით, ყველას ამოცანაა, რომ არსებული სახიფათო რეჟიმი ხვალ ხმების გამოყენებით მოხსნან.
"იმის მიუხედავად, რეალურად სად არის სააკაშვილი, რაც მე არ ვიცი პირდაპირ უნდა გითხრათ, ჩემი და ჩვენი საერთო ამოცანაა, მათ შორის სააკაშვილის აქტიური მომხრეების ან მოწინააღმდეგეების, რომ ჩვენ ეს უაღრესად სახიფათო რეჟიმი და კონტექსტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ხვალ ჩვენი ხმის გამოყენებით მოვხსნათ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, თუ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა დადასტურებულად სწორი ინფორმაციაა, ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს.
"მე დადასტურებულად არ ვიცი ბატონი სააკაშვილი საქართველოშია თუ არა. მეც, როგორც თქვენ, ვნახე გავრცელებული ვიდეო შეხვედრაზე. თუ ეს ასეა, მაშინ ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. მე ვთქვი წინაზეც, რომ მისი ახლა, ამ მომენტში ჩამოსვლა მოახდენს "ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმას," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თბილისის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "დროა" ბათუ ქუთელია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ქვეყნის ყველა ინსტიტუცია კიდევ უფრო მეტად მოიშლება.
"გაიგეს, ვერ გაიგეს, ან რა ფორმით ხდება ამის განხორციელება, ძნელი სათქმელია. მე დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" პირობებში კიდევ უფრო მეტად მოიშლება ქვეყნის ყველა ინსტიტუცია. ისინი დღეს რეალურად აკონტროლებენ, მარტო ძალადობის მეთოდით თავის ძალაუფლებას და აქედან გამომდინარე სწორედ არიან არალეგიტიმური ხელისუფლები," - აცხადებს ბათუ ქუთელია.