მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობის" წევრები რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან იკრიბებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაკავებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პირობა შეასრულა და ის ქვეყანაში ჩამოვიდა.
მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ბრძოლას ახლა უკვე ციხიდან გააგრძელებს.
"ბატონმა სააკაშვილმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა. ფარდა ჩამოხადა იმ სისტემას, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ჩამოშლილი. შესაბამისად, ჯერი ჩვენზეა. უნდა მივიდეთ ხვალ ყველანი არჩევნებზე. 120%-ით გამოცხადდება ჩვენი ამომრჩეველი არჩევნებზე და შესაბამისად, ყველა დავიცავთ ჩვენს ხმას,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბაჩო დოლიძე.
საპარლამენტო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მარცხი სპექტაკლით გადაფარა.
"სააკაშვილმა ისე გადმოკვეთა საზღვარი, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ვერც კი გაიგო. დღის განმავლობაში ცდილობდა, რომ გარკვეულიყო რა ხდებოდა და აწვდიდა ყალბ ინფორმაციას საზოგადოებას და ახლა, საღამოსკენ, ისინი შეეცადნენ, რომ თავისი მარცხი, ინსტიტუციების ჩამოშლა გადაეფარათ სპექტაკლით," - აცხადებს ბადრო ჯაფარიძე.