16 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს წერილობით ეკონტაქტება - მისი მომხრეები კი პირობას დებენ, რომ ლიდერს ციხიდან არჩევნების მეორე ტურამდე გაათავისუფლებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ნომერ მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილ მხადამჭერებს წერილობითი ფორმით ეკონტაქტება. კიდევ ერთი გზავნილის გახმოვანება მიხეილ სააკაშვილმა, თანაპარტიელ ხატია დეკანოიძეს სთხოვა. მოკლე წერილში ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ გამარჯვებამდე დანებებას არ აპირებს.

ბრძოლის გაგრძელების პირობა "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ყოფილ თავმჯდომარეს რუსთავის ციხესთან მისცა. დღეიდან ყველა განცხადება, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებულ გეგმებს ან პარტიის სტრატეგიას დაუკავშირდება მხოლოდ პარტიის მოქმედი თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდება.

ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე 4 დღეა იმყოფება,"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა შეკრება დღის სამი საათიდან დაიწყეს. ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებების შინაარსი ერთი იყო - სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. ამის მიღწევას კი, როგორც მესამე პრეზიდენტის მომხრეები და თანაგუნდელები აცხადებენ, აქციებით გეგმავენ.

რუსთავის საპატიმროსთან გამომსვლელთა შორის იყვნენ ისეთები, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში არ არიან, თუმცა ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

დღეს ყოფილი პრეზიდენტი მისმა რამდენიმე ადვოკატმაც მოინახულა. გარე სამყაროსთან ურთიერთობისთვის მორიგი წერილი ექსპრეზიდენტმა ამჯერად სწორედ იურისტებს გადასცა. ბოლო გზავნილი მის შიმშილობას უკავშირდებოდა. მიხეილ სააკაშვილს პროტესტის უკიდურესი ფორმა აქვს შერჩეული.

დაცვის მხარე დღეს ყოფილი პრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალდებებზეც საუბრობდნენ. მათი თქმით, სააკაშვილის საქმეები უსაფუძვლოა და პოლიტიკურად მოტივირებული.

უკვე განაჩენ დამდგარი საქმეების გარდა, მმართველი პარტია სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ რამდენიმე საქმეზე ელოდება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს სასჯელის მოხდა მოუწევს.

4 სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

დღის ამბები