16 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
მართლა გიხარიათ? რა გიხარიათ, როდესაც იცით, რომ მთავარ ქალაქებში ცუდად გაქვთ საქმე?! - არმაზ ახვლედიანი

პარლამენტმა საშემოდგომო სესია განაახლა. პლენარული სხდომა თითქმის ორი საათია მიმდინარეობს. დეპუტატები არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.

ოპოზიციისთვის გაუგებარია მმართველი პარტიის განცხადებები არჩევნების მოგებასთან დაკავშირებით, რადგან, მათი თქმით, არჩევნების შედეგებმა საწინააღმდეგო აჩვენა. 

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის განცხადებით, არჩევნებმა მძიმე დარღვევებით ჩაიარა და წამოაყენა ინიციატივა, პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დაბარების შესახებ. 

"შეიძლება მე მეშლება, მაგრამ აწყობილი, ზეიმისთვის მომზადებული და შემდეგ დაშლილი სცენა გამარჯვებას როდის აქეთ ნიშნავს? ეტყობა ვერ მიხვდით, რა დატრიალდა თქვენს თავს, რომ ყველგან, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, "ქართულმა ოცნებამ" წააგო. არჩევნების ასეთი მძიმე შეფასებები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენ, მათ შორის, წინა არჩევნებზეც არ მოგვისმენია. რაც შეიძლება დღეს გავაკეთოთ არის ის, რომ პარლამენტში შესაბამის კომიტეტზე სასწრაფოდ მოვიწვიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,"- აცხადებს სამადაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა არმაზ ახვლედიანმა მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ სასიხარულოდ არ აქვთ საქმე. 

"მართლა გიხარიათ? და თუ გიხარიათ, რა გიხარიათ - იქნებ ჩვენც გაგვიხარდეს, იმიტომ, რომ იქნებ მივაღწიოთ ისეთ დღეს საქრათველოსი, როცა ერთად გაგვიხარდება. რაც თქვენ გიხარიათ და გგონიათ, რომ თავი ქუდში გაქვთ, ეს არის ტყუილში ყოფნა. ან რა გიხარიათ, როდესაც იცით, რომ მთავარ ქალაქებში ცუდად გაქვთ საქმე,"- აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა. 

დღის ამბები