პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, "ქართულმა ოცნებამ" ყველა დიდი ქალაქი დაკარგა.
"ძალიან მარტივად შევაფასოთ ვითარება, რა ხმები აიღო "ქართულმა ოცნებამ" - ხელისუფლებამ ყველა დიდი ქალაქი დაკარგა. თბილისში 40% და სხვა ქალაქებში 38-37 %. აგერ სამეგრელოში გადახედეთ. დიდმა ქალაქებმა და რაიონულმა ცენტრებმა გაქციეს ზურგი. იკითხავთ, მაშინ სოფლებში როგორ მიიღეს, სოფლის მოსახლეობა უფრო შეუგნებელია ვიდრე ქალაქის? ნურას უკაცრავად. სოფლის და ქალაქის მოსახლეობაც არის ძალიან შეგნებული, ოღონდ სოფელში, პატარა თემში ინდივიდუალური ზეწოლაა, არის უფრო ადვილი, თავდაცვის მექანიზმი არ აქვთ. დიდ სოციალურ გარემოში ადვილი არ არის თუნდაც მოსყიდვა, ან თუნდაც ძალადობა, შეშინება. ხმები აიღეს ძირითადად მცირე დასახლებული პუნქტებიდან და ბეღელი, ტრადიციულად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონებიდან,"- განაცხადა "დღის კურიერში" რომან გოცირიძემ.
"დღის კურიერში" საუბრისას რომან გოცირიძე ენმ-თავმჯდომარისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამარცხვინოა. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ არჩევნების მე-2 ტურში ოპოზიციას ბევრ ქალაქში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ხოლო, თუ თბილისში ნიკა მელია მოიპოვებს უპირატესობას, ეს გოცირიძის თქმით, "ქართული ოცნების" დასასრული იქნება.